დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №103/2016 - თეა ჯუღელისათვის ასისტენტ-პროფესორად არჩევის ვადის შეწყვეტის შესახებ

დადგენილება №103/2016
12 სექტემბერი 2016

თეა ჯუღელისათვის ასისტენტ-პროფესორად არჩევის ვადის შეწყვეტის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების (თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა და დოქტორანტურიდან ამორიცხვა) საფუძველზე, გამოიცა უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 16 ივნისის #990/01-04 ბრძანება თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო აკადემიურმა საბჭომ 2014 წლის 30 სექტემბერს მიიღო დადგენილება #103/2014, რომლითაც თეა ჯუღელთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა მისი არჩევის დადგენილებიდან ამოღების სახით.

თეა ჯუღელის მიერ გასაჩივრდა 2014 წლის 30 სექტემბრის №103/2014 წლის დადგენილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თეა ჯუღელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა, განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ. სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტი და უნივერსიტეტს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აკადემიურ თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი: ,,...აკადემიური საბჭოს 2012 წლის პირველი მარტის №14/2012 დადგენილებაში შევიდა იმდაგვარი ცვლილება, რომ დადგენილებიდან ამოღებული იქნა მითითება იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე თეა ჯუღელის არჩევის შესახებ, შესაბამისად, მიჩნეული უნდა იქნას, რომ სადავო აქტის გამომცემმა ორგანომ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე თეა ჯუღელის არჩევა მიიჩნია უკანონოდ, რის შესახებაც სადავო აქტი უნდა მოიცავდეს შესაბამის ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას სზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო აქტში არ არის მითითება იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც ასაბუთებენ თეა ჯუღელის არჩევის უკანონობას იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე... სადავო არ არის ის გარემოება, რომ თეა ჯუღელს დოქტორანტის სტატუსი გააჩნდა როგორც 2012 წლის მარტში ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის დროს, ისე 2014 წლის სექტემბერში სადავო აქტის გამოცემის დროს... სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს სადავო აქტში უნივერსიტეტის მიერ გამოხატულ პოზიციას იმის შესახებ, რომ სტუდენტის სტატუსი პირს უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის დროს, არამედ ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მაგრამ ამასთან, მიაჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტი არ ქმნის სადავო აქტის ფაქტობრივი დასაბუთებულობის საფუძველს, ვინაიდან დადგენილია, რომ თეა ჯუღელს დოქტორანტის სტატუსი გააჩნდა მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში... იმდენად, რამდენადაც მისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 18 მარტის №619/01-04 ბრძანება ბათილად არის ცნობილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და შესაბამისად, მისი გამოცემის დღიდან ბათილია ამ აქტის საფუძველზე დამდგარი ყველა სამართლებრივი შედეგი, ხოლო თეა ჯუღელისათვის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის მიერ ახალი აქტის 2014 წლის 16 ივნისის №990/01-04 ბრძანების გამოცემის დროს თეა ჯუღელი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი 2014 წლის 28 თებერვლიდან...სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სრულიად დაუსაბუთებელია და შესაბამისი გარემოებების გამოკვლევაზე დაფუძნებული არ არის სადავო აქტის ის ნაწილი, სადაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თეა ჯუღელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად განიხილავს მის არაკვალიფიციურობას; კერძოდ, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაკავებულ თანამდებობასთან თეა ჯუღელის შეუსაბამობას აფუძნებს მხოლოდ ახალ საკანონმდებლო რეგულაციაზე მითითებას იმდენად, რამდენადაც თეა ჯუღელს არ გააჩნია დოქტორის აკადემიური ხარისხი; აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ახალი ადმინისტრაციული წარმოების პირობებში უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს ყველა ის ფაქტობრივი მონაცემი, რასაც აფუძნებს პოზიციას თეა ჯუღელის არაკვალიფიციურობისა და დაკავებულ თანამდებობასთან მისი შეუსაბამობის შესახებ. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციული წარმოების პირობებში აქტის გამოცემის დავალება, რის შედეგადაც დავა არსებითად არ არის გადაწყვეტილი, გამორიცხავს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებულობას.’’
უნივერსიტეტმა განიხილა წინამდებარე საკითხი და უნდა აღინიშნოს შემდეგი:
პირველ რიგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად აღიქვა და გაიგო 2012 წლის პირველი მარტის №14/2012 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შინაარსი. დავა მიმდინარეობს კანონიერად დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე და სადავო არ არის თეა ჯუღელის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა. უნივერსიტეტს არ მოუხდენია თეა ჯუღელის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩევის კანონიერების საკითხის განხილვა, არამედ განიხილა სტუდენტის (დოქტორანტის) სტატუსის შეწყვეტის მიზეზით მის მიერ დაკავებულ აკადემიურ თანამდებობაზე (ასისტენტ-პროფესორი) ყოფნის შეუძლებლობის საკითხი, რაც დაადგინა და გამოხატა #103/2014 დადგენილებით, რომლის სათაურიც იყო ასეთი: ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 1 მარტის №14/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.’’ ხსენებული დადგენილებიდან მისი ამოღება განაპირობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამ და აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს იმ პერიოდზე, როდესაც მას ჰქონდა დოქტორანტის სტატუსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხსენებული გადაწყვეტილების მიღებისას მას შეწყვეტილი ჰქონდა დოქტორანტის (სტუდენტის) სტატუსი.
როგორც სასამართლომ მიუთითა, თეა ჯუღელს დოქტორანტის სტატუსი გააჩნდა მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში, რაც ასევე მცდარი მოცემულობაა, ვინაიდან თეა ჯუღელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი შეუწყდა 2013 წლის 18 მარტს (რექტორის ბრძანება №619/01-04), ხოლო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი მოიპოვა თითქმის 1 წლის შემდეგ - 2014 წლის 28 თებერვალს. 
თავდაპირველი დავის დასრულების შემდეგ, (უნივერსიტეტსა და თეა ჯუღელს შორის სასამართლო დავა წარმოებდა სტუდენტის სტატუსისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე)  სასამართლოს მითითებები სრულად გაითვალისწინა უნივერსიტეტმა (სადისერტაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, იმსჯელა კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებებზე და უნივერსიტეტმა სასამართლოს დავალების შესაბამისად, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება) და რექტორის 2014 წლის 16 ივნისის №990/01-04 ბრძანებით თეა ჯუღელს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება თანმდევი შედეგი იყო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და სასამართლომ არც კი იმსჯელა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე, როგორც ცალკე არსებულ საკითხზე.
მეორე შემთხვევაში, ანუ იმ პირობებში, როდესაც ძალაშია: 1. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილება 2. თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება, სასამართლომ უნივერსიტეტს დაავალა ემსჯელა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებაზე იმის გათვალისწინებით, რომ თეა ჯუღელი 2014 წლის 28 თებერვლიდან გახდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (სადავო საკითხის გადაუწყვეტლად) ბათილად ცნობა არ გამორიცხავს უნივერსიტეტის ვალდებულებას იმსჯელოს დავის წარმომშობ გარემოებებზე, ანუ უნივერსიტეტი ვალდებული იყო ემსჯელა სწორად მოიქცა თუ არა, როდესაც თეა ჯუღელს 2013 წლის 18 მარტს შეუწყვიტა სტუდენტის სტატუსი და აღნიშნულის საფუძველზე, მასთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობაც. 
საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5-წლიანი ვადის გასვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან დაწესებულების წესდებით განსაზღვრული სხვა საფუძველი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან. აღნიშნული ბრძანების მიზნისა და დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა ის გარემოება, რომ ნორმაში ნახსენები 12 თვის განმავლობაში სტუდენტს აქვს გარანტია ისარგებლოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის უფლებით, თუმცა აღნიშნული ნორმა არ აწესებს შრომით გარანტიებს და ვერც დააწესებდა, ვინაიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი გამოცემულია სხვა (არა შრომითსამართლებრივ) ნორმატიულ საფუძვლებზე დაყრდნობით და შესაბამისად, ამ ნორმატიულ საფუძვლებში არსებული დებულებების შესასრულებლად. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, კანონქვემდებარე აქტები გამოიცემა კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად. შესაბამისად, ზემოხსენებული №10/ნ  ბრძანება გამოიცა განათლების უფლების რეალიზებისათვის და ემსახურება ამ უფლებით სარეგებლობას (ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველ მუხლშიც /,,რეგულირების სფერო“/ სწორედ ესაა აღნიშნული).  შესაბამისად, უნივერსიტეტი ვალდებულია გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებს, რაც არსებობდა 2013 წლის 18 მარტს და არა იმ გარემოებებს, რაც წარმოიშვა თავდაპირველი გადაწყვეტილების მიღების დღიდან 11 თვის შემდეგ, ვინაიდან უნივერსიტეტს სასამართლოს მიერ დაეკისრა ახალი აქტის გამოცემა იმავე საქმეზე და არა აღდგენის საკითხის განხილვა. მითუმეტეს, რომ თეა ჯუღელს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 16 ივნისის ბრძანება სადავოდ არ გაუხდია, რითაც დგინდება, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქმედება - მისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იყო სწორი და კანონშესაბამისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან უდავოა, რომ თეა ჯუღელს უნდა შეწყვეტოდა სტუდენტის სტატუსი 2013 წლის 18 მარტს (არსებობდა ამის კანონიერი საფუძვლები და იმის მიუხედავად უნივერსიტეტმა იმ დროს საკმარისად დაასაბუთა თუ არა გადაწყვეტილება, მთავარია, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი და კანონშესაბამისი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე), უდავოა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაც კანონშესაბამისია. დასკვნის სახით რომ ითქვას, თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი წარმოიშვა 2013 წლის 18 მარტს, რაც გახდა ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველიც, ამდენად, მიუხედავად დროის გასვლისა და ბათილად ცნობილი აქტებისა, უნივერსიტეტმა დღესაც გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს 2013 წლის 18 მარტს არსებულ გარემოებებს. თეა ჯუღელისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა თანმდევი შედეგია მისთვის თავდაპირველად სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა.    
რაც შეეხება სასამართლოს მითითებას თეა ჯუღელის არაკვალიფიციურობის საკითხზე უნივერსიტეტის მსჯელობის ვალდებულებას, უნდა აღინიშნოს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს ხარისხიანი განათლება. ამავეს ითვალისწინებს უნივერსიტეტის წესდების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურიდან თეა ჯუღელი ამოირიცხა იმის გამო, რომ მან ვერ დაძლია დოქტორანტურის პროგრამა კანონით დადგენილ ვადაში. უნივერსიტეტის ინფორმაციით, თეა ჯუღელს არც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაუსრულებია სწავლა ამ დრომდე. ამდენად, უნივერსიტეტს, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან, საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული დანიშნულებიდან გამომდინარე, მოეთხოვება ახალგაზრდა თაობის მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადება. ეს მიზანი შეუძლებელია მიღწეული იყოს იმ პირობებში, როდესაც თავად სწავლების, ანუ სტუდენტთა მომზადების დონე არადამაკმაყოფილებელი იქნება. მართალია, ყოველივე ეს კონკრეტულ შეფასებაზეა დამოკიდებული და განზოგადებულად ამის თქმა რთულია, თუმცა ერთი რამ აუცილებელად არის გასათვალისწინებელი: ნებისმიერი უნივერსიტეტი დაინტერესებულია ჰყავდეს კვალიფიციური პედაგოგი, რათა ამ უკანასკნელმა, ობიექტური შესაძლებლობის ფარგლებში, იმ მიზნის განხორციელება შეძლოს, რასაც საუნივერსიტეტო სწავლება ჰქვია. ეს იდეა კი განუხორციელებელი იქნება იმ ვითარებაში, როდესაც პედაგოგი თავად ვერ ახერხებს დადგენილ დროში უმაღლესი იურიდიული განათლების ბოლო საფეხურის დასრულებას და ვერ ხდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. დღევანდელი კანონმდებლობა (მიუხედავად იმისა, რომ იგი წარსულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს და უკუძალა არ ექნება) პირდაპირ მიუთითებს იმ მოთხოვნაზე, რომ ასისტენტ-პროფესორი, ანუ სწავლების პროცესში ჩართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის წარმომადგენელი, აუცილებლად აკადემიური ხარისხის მფლობელი პირი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ამით ხაზგასმულია პედაგოგისადმი წაყენებული კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი, რომლის არსებობაც მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღების წინაპირობაა. შესაბამისად, უნივერსიტეტის დოქტორანტობა, როგორც ყველაზე მინიმალური სტანდარტი ხარისხიანი განათლების მიცემისა, იყო მნიშვნელოვანი წინაპირობა ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად და ამ თანამდებობის შესანარჩუნებლად. 
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 31-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების  საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. თეა ჯუღელისათვის ასისტენტ-პროფესორად არჩევის ვადა შეწყდეს 2013 წლის 20 მარტს.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოიცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა. 
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დადგენილება ძალაში შედის დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობისთანავე.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნების თარიღი:2016-09-20 16:20:07