დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება № 36/2016 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების თაობაზე

დადგენილება № 36/2016
4 აპრილი,   2016

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად  არჩევნების გამოცხადების თაობაზე 

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე და 22-ე მუხლების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 4 აპრილის № 16 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. გამოცხადდეს არჩევნები და დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად. 
2. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წლის 5 აპრილს 10:00 საათიდან, მისამართზე ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №114.
3. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2016 წლის 14 აპრილის 18:00 საათი.
4. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების დღედ განისაზღვროს 2016 წლის 20 აპრილი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (ხმის მიცემის პროცედურის ხანგრძლივობა).
5. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი. თითოეულ ამომრჩეველს არჩევნებში აქვს ერთი ხმის უფლება (ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს). იმ შემთხვევაში თუ პირს უნივერსიტეტში ერთდროულად უჭირავს, როგორც აკადემიური ისე სამეცნიერო თანამდებობა, ან ორი ან მეტი სამეცნიერო თანამდებობა ერთდროულად მას გააჩნია მხოლოდ ერთი ხმის უფლება (ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს).
6. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება კანდიდატი რომელიც არჩევნებში მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. თუკი არჩევნების შედეგად გამოვლინდა თანაბრად საუკეთესო შედეგების მქონე ორი ან მეტი კანდიდატი, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ დროს, ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში გამარჯვებულად და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულად ჩაითვალოს კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.
7. არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დასრულებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
8. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფისა და არჩევნების მოქმედ კანონმდებლობასთან, უნივერსიტეტის წესდებასა და უნივერსიტეტის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარების მიზნით ბრძანებით განსაზღვროს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
9. ეთხოვოს უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობითი საარჩევნო სიის (პირის ერთდროულად როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო თანამდებობაზე, ასევე ორ ან მეტ სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობის მითითებით) უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიისათვის წარდგენა არა უგვიანეს 2016 წლის 13 აპრილისა.
10. დაინტერესებულმა პირმა არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისათვის სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სათანადო წესით დამოწმებული მოწმობის ასლი (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელმძღვანელობით თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, ცნობა და სხვა) ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი;
ე) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;
ვ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
11. კანდიდატთა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ამ დადგენილების მე-10 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენს და მე-9 პუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სიას ამტკიცებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
12. საარჩევნო კომისიის წევრებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით.
13. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
14. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
15. წინამდებარე დადგენილების დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
16. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნების თარიღი:2016-04-04 17:49:48