დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №62/2016 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96/2014 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №62/2016
24   ივნისი  , 2016


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96/2014 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57–ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,წ“ ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 20.06.2016, №20472/02  წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96/2016 დადგენილებაში და დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი“-ს:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  ,,2. რექტორის სამართლებრივი აქტი აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების შესახებ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.“

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 7 წევრისაგან. საარჩევნო კომისიის წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.”
გ)  მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საარჩევნო კომისია არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებების სრულყოფილად ორგანიზების მიზნით უფლებამოსილია შექმნას შესაბამისი საარჩევნო ქვეკომისიები.“

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. არჩევნების ჩატარება
1. აკადემიური საბჭოს წევრები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევიან:  
ა) ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრები - ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ;
ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლები - დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრის მიერ.
2. ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრების არჩევნებში ხმის უფლების მქონე სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების სახით, არანაკლებ საბჭოს შემადგენლობის 1/4-ით. დამრგვალება ხდება სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა სასარგებლოდ.
3. აკადემიურ საბჭოში თითოეული: 
ა) ფაკულტეტიდან  აირჩევა 3 წარმომადგენელი. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე შესაბამისი რაოდენობის კანდიდატები/კანდიდატი;   
ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან 1 წარმომადგენელი. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე შესაბამისი რაოდენობის კანდიდატები/კანდიდატი.   
4. იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრაში მონაწილე კანდიდატებმა მიიღეს ხმების თანაბარი ოდენობა და ვერ ხერხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა თანაბარი ხმების მქონე კანდიდატებს შორის ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით. განმეორებითი კენჭისყრა ტარდება არა უგვიანეს 5 დღის ვადაში და მისი ჩატარების ზუსტ დროსა და ადგილს განსაზღვრავს საარჩევნო კომისია.
5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
6. აკადემიურ საბჭოში ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის ნაცვლად არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტარდება წილისყრა. წილისყრას ატარებს საარჩევნო კომისია აკადემიური საბჭოს დადგენილი წესის შესაბამისად.
7. აკადემიურ საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენ ვაკანტურ ადგილზეც ტარდება არჩევნები.
8. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა:
ა) ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრი - პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი;
ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი.
9. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შესაძლებელია აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა განისაზღვრება 4 წლით.“ 
 
ე) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. წინასაარჩევნო აგიტაციამ და კამპანიამ არ უნდა შეუშალოს ხელი უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესს.“
ვ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. საარჩევნო სიები
პერსონალის მართვის, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის, შესაბამისი ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინების საფუძველზე საარჩევნო სიებს ამტკიცებს საარჩევნო კომისია.“

ზ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 1 დღის განმავლობაში.“

თ) მე-9 მუხლის:
თ.ა) მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) შესაბამისი ფაკულტეტის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სახელწოდება;“.

თ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 4. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა ამომრჩეველზე მხოლოდ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.“

თ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში და მას შემდეგ, რაც წრიულად შემოხაზავს მისთვის სასურველ არა უმეტეს იმდენ კანდიდატს, რამდენი პირიც არის ასარჩევი, აგდებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნება.“

ი) მე-10 მუხლის:
ი.ა) მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიხედვით, რაც ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.“

ი.ბ) მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების  ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;“.

კ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) იმ ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.“

ლ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. დარღვევის ოქმი
არჩევნების დღეს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი, შესაბამისი ფაკულტეტის ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს დარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითება:
ა) ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის სტატუსი;
გ) დარღვევის შინაარსი;
დ) დარღვევის დაფიქსირების დრო;
ე) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა ან აღნიშვნა მის ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ;
ვ) ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა;
ზ) ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.“

მ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. არჩევნების შედეგების გამოცხადება
არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს, არა უგვიანეს 23:00 საათისა. საარჩევნო კომისია ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნების შედეგების აქტი.“

ნ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრს, შესაბამისი ფაკულტეტის ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივარი არ მიიღება.“

ო) მე-15 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 მუხლი:

,,მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი
აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან მოქმედი აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით - შესაბამისად აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედისა და ორი მესამედისათვის განსაზღვრული ვადებით, რაც დგინდება ახლადარჩეულ წევრთა შორის წილისყრით.“

2. წინამდებარე დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
4.   დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნების თარიღი:2016-06-28 11:18:48