ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-6 კონფერენცია “თბილისი 2015: ინსულტის პრევენცია, დიაგნოზირება და მკურნალობა”

24-27 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ჩატარდა ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-6 კონფერენციას “თბილისი 2015: ინსულტის პრევენცია, დიაგნოზირება და მკურნალობა”.

ცერებრული ინსულტის პრობლემა უაღრესად აქტუალურია, რადგანაც იგი მეორე ადგილეზეა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, როგორც მოზრდილთა სიკვდილობის მიზეზი და უდავო ლიდერია, როგორც ფუნქციური უნარშეზღუდულობის და მყარი ინვალიდობის გამომწვევი დაავადება. განსაკუთრებით მაღალია ინსულტის სოციალურ-ეკონომიკური ტვირთი საზოგადოებაზე - განვითარებულ ქვეყნებში ინსულტით გამოწვეული წლიური ეკონომიკური ზარალი რამოდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს აღწევს. არანაკლებ აქტუალურია ინსულტის პრობლემა საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით თბილისში უკვე მეექვსედ (ყოველ 3 წელიწადში ერთხელ) გაიმარა საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თსუ მედიცინის ფაკულტეტი,   საქართველოს ინსულტის ასოციაციის და პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტი. კონფერენცია მიეძღვნა დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტი ქვეყნის (აშშ-ის,   გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის, ისრაელის, უნგრეთის, იტალიის, კანადის, პორტუგალიის, შვედეთის, თურქეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის,  პოლონეთის, ხორვატიის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უკრაინის, უზბეკეთის, თურქმენეთის) სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტებისა და სამედიცინო   ცენტრების ინსულტის დარგში   მოღვაწე წამყვან მეცნიერ-მკვლევრებმა   და   ცნობილმა ექიმ-ნევროლოგებმა.  

  კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მარინე ჩიტაშვილი, ქართველი და უცხოელი ნევროლოგები.